ისტორიის კონკურსი მოსწავლეთათვის 2019-2020 წწ. თემაზე: „მიგრაციები - ცხოვრება ახალი ფურცლიდან“

ისტორიის პირველი კონკურსი საქართველოში განხორციელდა 2017-2018 წლებში გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) და გერმანული კოერბერის ფონდის (Körber Stiftung) ინიციატივით და გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში - ბელორუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. კონკურსის მიზანია, სკოლის მოსწავლეებში ისტორიის დამოუკიდებლად კვლევის უნარ-ჩვევების და კრიტიკული აზროვნების განვითარება.

პირველი კონკურსის თემა იყო: „ჩემი წინაპარი ჩემს ასაკში“. მასში მონაწილეობა მიიღო 15-18 წლის ასაკის 56 მოსწავლემ. გამოვლინდა 3 გამარჯვებული. 6 მოსწავლის ესე გამოქვეყნდა კრებულში. კონკურსის მონაწილე 4 მოსწავლე შერჩეულ იქნა საერთაშორისო კომისიის მიერ და მათ მონაწილეობა მიიღეს ბერლინში გამართულ ისტორიის ბანაკში. პირველი კონკურსის წარმატებით ჩატარებამ განაპირობა ის, რომ საქართველო გახდა ევროპის ისტორიის კონკურსების ქსელის (EUSTORY Network) წევრი. ამჟამად 3 მოსწავლის კანდიდატურა გაგზავნილია ამ ქსელის მიერ ორგანიზებულ ბანაკში მონაწილეობის მისაღებად.

პირველი წარმატებული ფაზის შემდეგ გადაწყდა, პროექტის გაგრძელება 2019-2020 წლებში. ამჯერად მისი თემაა: „მიგრაციები - ცხოვრება ახალი ფურცლიდან“. კვლევისა და საკონკურსო ნამუშევრების მომზადების პროცესში სკოლის მოსწავლეებს ხელმძღვანელობას გაუწევს ისტორიის და სამოქალაქო განათლების 100-ზე მეტი მასწავლებელი, რომლებიც 2019 წლის ოქტომბერში გაივლიან სპეციალურ მომზადებას. ტრეინინგი საშუალებას მისცემს დაინტერესებულ მასწავლებლებს, მიიღონ დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ, გაიღრმავონ ცოდნა მიგრაციული პროცესების შესახებ, გაეცნონ მის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებს, გაანალიზონ მიგრაციული პროცესების როლი ისტორიაში და მათი გავლენა საზოგადოებრივ, სოციალურ, თუ პოლიტიკურ ცხოვრებაზე, მიიღონ ყველა საჭირო თეორიული და პრაქტიკული ინფორმაცია მოსწავლეთათვის მენტორობის გასაწევად.

მეორე კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2020 წლის მაისში. პროექტი საქართველოში კულმინაციას 2020 წლის ივნისში მიაღწევს, როდესაც პრიზების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება თბილისში. 4 საუკეთესო მოსწავლე კვლავ მიიღებს მონაწილეობას ბერლინის ისტორიის ბანაკში. ასევე 4 საუკეთესო მასწავლებელი მივლინებული იქნება მენტორთა საერთაშორისო შეკრებაზე.

პროექტის შესახებ დაგეგმილია დოკუმენტური ვიდეოფილმის გადაღება.

საქართველოს მხრიდან პროექტის პარტნიორები არიან საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SovLab) და საქართველოს ისტორიის მასწავლებელთა ასოციაცია (GAHE).

პროექტი ხორციელდება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) პატრონაჟით.

პროექტის განხორციელებას მხარს უჭერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს მწერალთა სახლი.

eng | rus


 
All rights reserved. GAHE. 2018